top of page
Search

ზედოზირება: ამოცნობა და რეაგირება



ზედოზირებას განვიცდით მაშინ, როდესაც ჩვენი ორგანიზმი საკმარისად სწრაფად ვეღარ უმკვლავდება მიღებული დრაგების ეფექტებს. ზედოზირება შეიძლება განიცადოს ნებისმიერი ასაკის ადამიანმა მრავალი სხვადასხვა საშუალების მოხმარების შედეგად და ყველას შემთხვევაში ინდივიდუალური გამოვლინება ჰქონდეს. ამიტომაცაა საჭიროა, რომ ზედოზირების ქვეშ მყოფს მოვექცეთ მისი საჭიროებებიდან გამომდინარე და მდგომარეობის გაუარესების ან სიკვდილის შანსი ავიცილოთ თავიდან.


ზედოზირების გამომწვევი ფაქტორები


  • ტოლერანტობა - ზედოზირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. როცა ორგანიზმი ეჩვევა ნივთიერებას, გარკვეული დოზის მიღება იგივე ეფექტს აღარ იძლევა. იგივე შედეგის მისაღწევად ვზრდით დოზებს, რასაც ზედოზირებამდე შეუძლია მიგვიყვანოს.

  • ზედოზირება წარსულში - წარსულში ზედოზირების შემთხვევები იგივეს გამეორების შანსს ზრდის. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ერთხელ უკვე გავუმკლავდით იმ კონკრეტულ რაოდენობას და შიშიც ნაკლებად გვქონდეს, რაც ზედოზირების რისკს ქმნის.

  • კომბინირებული მოხმარება - სხვადასხვა საშუალებების ერთმანეთში შერევამ შეიძლება მიგვიყვანოს ზედოზირებამდე, ამიტომაც ყოველთვის გამოიყენეთ დრაგების კომბინაციის გზამკვლევი მანამ, სანამ ერთ ნივთიერებას მეორეში შეურევდეთ.

  • მოკლე ინტერვალი - მოკლე ინტერვალებით მოხმარება ზრდის იმის რისკს, რომ უნებურად ნორმაზე ბევრად მეტი მივიღოთ - მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია ამფეტამინის მიღების დროს. რასაც არ უნდა მოიხმარდეთ, ეცადეთ გაზარდოთ მიღებებს შორის ინტერვალები.

  • ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა - მიღების წინ აუცილებელია კარგად შევაფასოთ ჩვენი ფიზიკური და მენტალური მზაობა, რათა უსაფრთხოება მაქსიმალურად გვქონდეს დაცული.

  • დრაგის ხარისხი - ცუდი ხარისხის სუბსტანცია შეიძლება უფრო მარტივად გახდეს ზედოზირების გამომწვევი, ამიტომაც ყოველთვის გატესტეთ ნივთიერება და არ მიიღოთ არაფერი, რის ხარისხშიც დარწმუნებული არ ხართ.


 ზედოზირების ნიშნები


ყველა სუბსტანციის ზედოზირების ნიშნები განსხვავებულია ერთმანეთისგან. პირველ რიგში აუცილებელია, განვსაზღვროთ რისი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება ადამიანი, რომ ვიცოდეთ რა ტიპის დახმარება შეგვიძლია აღმოვუჩინოთ.


= ოპიოიდები =


  •  შენელებული ზედაპირული სუნთქვა, სუნთქვის გაჩერებამდე

  •  პულსის შესუსტება

  •  ტუჩებისა და თითების გალურჯება

  •  კანის სიფერმკრთალე და სიმშრალე

  •  მოძრაობების შენელება

  •  ცნობიერების დაბინდვა

  •  უგონო მდგომარეობა > კომა



= დეპრესანტები =


  • შენელებული სუნთქვა და პულსი

  • სხეულის ტემპერატურის დაცემა

  • ღებინება

  • ტრემორი

  • სხეულის მტორიკის დარღვევა

  • გონების დაკარგვა

  • ტკივილზე რეაციის არქონა


= სტიმულატორები =


  •  სისუსტე

  •  თავბრუსხვევა

  •  კანკალი

  •  ღებინება

  •  სხეულის ტემპერატურის მომატება

  •  წნევის მკვეთრი ზრდა

  •  პანიკური შეტევები

  •  არითმია

  •  კრუნჩხვები

  •  უგონო მდგომარეობა > კომა

= ჰალუცინოგენები =


  •  ძლიერი სისუსტე

  •  ღებინება

  •  სხეულის ტემპერატურის მომატება

  •  სუნთქვის პრობლემები

  •  წნევის ზრდა


= კეტამინი =


  •  არითმია

  •  უმოძრაობა

  •  ძალადობრივი ქცევა

  •  ტკივილი მკერდის არეში

  •  უგონო მდგომარეობა > კომა



როგორ მოვიქცეთ, როცა ზედოზირების შემთხვევას შევესწრებით?


  1. პირველ რიგში არ აყვეთ პანიკას, ეცადეთ ცუდად მყოფი არ დატოვოთ მარტო, დაუძახეთ სხვებს დასახმარებლად.

  2. არ მისცეთ არანაირი მედიკამენტი თვითნებურად, ასევე ნარკოტიკული საშუალება, ყავა ან ჩაი.

  3. ოპიოიდებით ზემოქმედების შემთხვევაში გამოიყენეთ ნარკანი (ნალოქსონი), მისი ზემოქმედება 60-90 წუთის განმავლობაში გრძელდება და შეწყვეტის შემდეგ ზედოზირება ისევ შეიძლება გაგრძელდეს, ამიტომაც ამ დროის გასვლის შემდეგ არ დატოვოთ მარტო!

  4. არ გამოიწვიოთ ძალით ღებინება. თუ თავისით აერევა გული, დაეხმარეთ თავის სწორად დაჭერაში, თუმცა არავითარ შემთხვევაში იძულებით არ გამოიწვიოთ ღებინება;


თუკი ადამიანი იმყოფება გაბრუებულ ან აგზნებულ მდგომარეობაში:


  •  ეცადეთ სტუმრებისგან / ხალხისგან იზოლირებული იყოს;

  •  ესაუბრეთ მშვიდად და აუღელვებლად;

  •  უკუკავშირი - დაამყარეთ კომუნიკაცია;

  •  დააჭერინეთ თავი სწორ პოზიციაში;

  •  კისრის და კეფის არეში მსუბუქი მასაჟი- შეიძლება ეფექტური იყოს მისთვის;

  •  ფეხის კუნთების მასაჟი;

  •  შეუქმენით მაქსიმალურად კომფორტული გარემო;

  •  შესთავაზეთ პლედი / სველი საფენი / ტკბილი, თბილი წყალი;

თუკი ადამიანი იმყოფება უგონო მდგომარეობაში გამოიძახეთ სასწრაფო და მის მოსვლამდე აუცილებლად მოათავსეთ დაზარალებული უსაფრთხო პოზიციაში



რა შემთხვევაში ვიძახებთ სასწრაფოს?


  •  ტკივილი გულმკერდის არეში;

  •  ქცევა საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან/და გარშემომყოფებს;

  •  მდგომარეობა მკვეთრად უარესდება;

  •  უგონო მდგომარეობა;


P.S. ზედოზირებისას, არ შეგეშინდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება, და ოპერატორისთვის თქმა, რომ ზედოზირების შემთხვევაა❗️ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას აღარ აქვს ვალდებულება, ზედოზირების შემთხვევა შეატყობინოს პოლიციას, ხოლო პოლიცია თუ მაინც ჩაერევა, მათ არ აქვთ სამართლებრივი დევნის დაწყების უფლება‼️

355 views0 comments

Comments


bottom of page