ფენტანილი არის სინთეტური ოპიოიდი, ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც ქიმიური სტრუქტურით ნაწილობრივ ჰგავს პრომედოლს, თუმცა 25-50-ჯერ ძლიერ მოქმედია, ვიდრე ჰეროინი და 50-100-ჯერ ძლიერი, ვიდრე მორფინი.
სუფთა სახით ფენტანილის ან მისი ანალოგების მოხმარებისას, მნიშვნელოვანია ზუსტი დოზირება. ფენტანილი იმდენად ძლიერმოქმედია, რომ სულ რაღაც 250 მიკროგრამიც კი საკმარისია ზედოზირებისთვის, ხოლო 2 მგ(1 მილიგრამი=1/1000გრამი) კი უმრავლეს შემთხვევაში იწვევს ლეტალურ შედეგს.
ფენტანილის წარმოებულებს შორის ყველაზე გავრცელებული და ზეძლიერმოქმედია კარფენტანილი, რომელიც ასევე ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელია. კარფენტანილის ერთი ერთეული ფენტანილის ერთ ერთეულზე ასჯერ, ჰეროინის ერთ ერთეულზე ხუთი ათასჯერ, ხოლო მორფინის ერთი ერთეულზე ათი ათასჯერ ძლიერმოქმედია.
ყურადღება - კარფენტანილი არ გამოიყენება თერაპიული მკურნალობისათვის, გამოიყენება ვეტერინარიაში, როგორც უძლიერესი ტრანკვილიზატორი - სპილოების დასაძინებლად და საკმარისი დოზა სულ რაღაც 2 მილიგრამია!
ადამიანზე ფარმაკოლოგიური ზემოქმედებისათვის ერთი მიკროგრამიც კი საკმარისია ლეტალური შედეგის დასადგომად.
ბოლო დროს, შავ ბაზარზე პოპულარული მრავალი ნარკოტიკული სუბსტანცია გაჯერებულია ოპიოიდური ფენტანილით ან მისი მონათესავე ანალოგებით, ისე, რომ პოტენციურმა მომხმარებელმა ამის შესახებ არაფერი იცის (არც გადამყიდველმა).
ძალზე გავრცელებულია ფენტანილით ფალსიფიცირებული ჰეროინი და კოკაინი. ასევე ხშირია ფენტანილით ფალსიფიცირებული ე.წ. საკლუბო ნარკოტიკები და ფსიქო სტიმულატორები.
შავ ბაზარზე არც ისე იშვიათი გახდა ფენტანილით, ან მისი ანალოგებით გაჟღენთილი ე.წ. ბლოტერები, ჩვენებურად - მარკები, რომლებიც ტრადიციულად გაჟღენთილი უნდა იყოს LSD-თი.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ შეიძინეთ ნანატრი LSD-ს ბლოტერი, დაიკარით ენაზე, და ელით ფანტასტიურ თრიფს... ან, შეიძინეთ ექსტაზი/MDMA და ემზადებით თავდაუზოგავად იცეკვოთ... ან კეტამინი... ან... რაც შეიძლება მოხდეს, აღწერაც კი რთული წარმოსადგენია. თუ ნივთიერება ფალსიფიცირებულია და გაჯერებული ფენტანილით, ან მისი ანალოგებით, თქვენ ამას ვერ შეიტყობთ, თუ არ გატესტავთ.
მიუხედავად იმისა, რომ ფენტანილის და კოკაინის, ან ნებისმიერი ფსიქო სტიმულატორის, გნებავთ LSD-ს მოქმედება კარდინალურად საპირისპიროა, არ გვაქვს არანაირი გარანტია, რომ ეს ნივთიერებები არ შეიძლება იყოს ფალსიფიცირებული ფენტანილით.
ფენტანილით ფალსიფიცირებისას მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ფენტანილი დიდი ალბათობით არ/ვერ იქნება თანაბრად გადანაწილებული ფხვნილის/აბის მთლიან ოდენობაში, ამიტომ თუ მთლიანი პაკეტის ტესტირება არ მოხდება, შეუძლებელია სარწმუნო შედეგის გაგება. მხოლოდ ასე შეძლებთ რისკების მინიმიზებას. გასაგებია, ნაკლებ პრაქტიკულია, მაგრამ ჰეროინის, ან სხვა სუბსტანციების ინტრა ვენურად მოხმარებისას, როცა დოზა უკვე შპიცშია მოთავსებული, გამოყენებულ მოსახარშ ჭურჭელზე შეგიძლიათ დაასხათ 1 მილილიტრი (1/4 ჩაის კოვზი) სუფთა წყალი და მასში მოათავსოთ ტესტერი, ქაღალდის ლურჯ-ლენტისებურ ზოლამდე, მეორე ლურჯი მხარე (ხატია გაშლილი ხელის გული) კი ხელით გეჭიროთ. დაელოდეთ 20-30 წამი, ვიდრე სითხე ააღწევს სატესტო ზონამდე. შემდეგ, დადეთ ტესტერი სწორ ზედაპირზე და დაელოდეთ 2 წუთი.
ტესტის წასაკითხად გამოიყენეთ ტესტერის ინსტრუქცია - თუ ტესტერის მკვეთრ წითელ ზოლამდე გამოჩნდა მეორე წითელი, ან ბაცი წითელი/ვარდისფერი ზოლი - პასუხი ნეგატიურია. თუ მხოლოდ წითელი ზოლი გამოჩნდა - ტესტი დადებითია წითელი ზოლების არ გამოჩენა ნიშნავს, რომ ტესტი არ შედგა. სხვა სუბსტანციების ტესტირება, რომლებიც შეგიძლიათ წყალში გახსნათ და ისე მიიღოთ, გაცილებით მარტივია - მთავარია, კონკრეტულ სუბსტანციებს ზუსტად განსაზღვრული რაოდენობის წყალი დაასხათ. მეთ-ამფეტამინისა და MDMA-ის ტესტირებისათვის, ყოველი 10 მილიგრამი ფხვნილი გახსენით 5 მილილიტრ (ერთი ჩაის კოვზი) წყალში. ეს პროპორცია მნიშვნელოვანია, რადგან ძალზე კონცენტრირებული ეს სუბსტანციები ტესტირებისას ყალბ შედეგს აჩვენებენ
სხვა სუბსტანციების ამ მეთოდით ტესტირებისას, 100 მილიგრამი ფხვნილი/დაფხვნილი აბი გახსენით ორ ჩაის კოვზ წყალში, ან 10 მილიგრამზე 1 მილილიტრ წყალში. ტესტირება და შედეგის წაკითხვა ხდება ზუსტად ისე, როგორც ჰეროინის ტესტირებისას იყო აღწერილი.
ძალზე რთულადაა საქმე ექსტაზის აბების ტესტირებისას, რადგან უცნობია, რა რაოდენობით MDMA-ს და შემკვრელ ნივთიერებას შეიცავს აბი - შესაბამისად, შეუძლებელია გასახსნელი წყლის ზუსტი ოდენობის დადგენა ტესტირების სწორი პასუხის მისაღებად!!! ზემოთ აღწერილი პრობლემებიდან გამომდინარე, ფენტანილის შემცველობის შესამოწმებლად გამოიყენება რეაგენტით გაჟღენთილი ქაღალდის ზოლები/ლენტი, და ეს არის საუკეთესო ტექნოლოგია, ლაბორატორიულ ანალიზთან შედარებითაც კი. და თუ მაინც მოხდა ისე, რომ ტესტირების გარეშე მოიხმარეთ შავ ბაზარზე შეძენილი ნივთიერება, რისკების შემცირებისთვის, აუცილებლად იქონიეთ თან ნალოქსონი (იგივე ნარკანი) და რომელიმე ერთი ნუ მიიღებს გაუტესტავ სუბსტანციას, ვიდრე არ დარწმუნდება, რომ საფრთხე არავის ემუქრება, რომ გარდაუვალი აუცილებლობისას შეძლოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება და მის მოსვლამდე მოახერხოს ნალოქსონის ინექციის გაკეთება და პირველადი დახმარების (გულის კუნთის სტიმულაცია და ხელოვნური სუნთქვა) აღმოჩენა ზედოზირებული მეგობრებისთვის!!!
აქვე გეტყვით, რომ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ნალოქსონი არ არის საჭირო, თუ არ მოიხმართ ოპიატებს, არის მითი! როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, ფენტანილით ფალსიფიცირებული შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი, აბსოლუტურად ნებისმიერი სუბსტანცია!
P.S. ზედოზირებისას, არ შეგეშინდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება, და ოპერატორისთვის თქმა, რომ ზედოზირების შემთხვევაა. სასწრაფო სამედიცინო დახმარებას აღარ აქვს ვალდებულება, ზედოზირების შემთხვევა შეატყობინოს პოლიციას, ხოლო პოლიცია თუ მაინც ჩაერევა, მათ არ აქვთ სამართლებრივი დევნის დაწყების უფლება.
Comments