top of page

სექსუალური ძალადობა და დრაგები



გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში გამოაშკარავებულ სექსუალური ძალადობის შემთხვევებს. პირველ რიგში მადლობას ვუხდით ყველას, ვინც იპოვა საკუთარ თავში ამ ტრავმული გამოცდილების გაზიარების ძალა - ფსიქოლოგიური და სოციალური ზეწოლის მიუხედავად, ამ თემაზე საუბარი და შესაბამისი დახმარების მიღება უმნიშვნელოვანესია როგორც თქვენთვის, ასევე სხვებისთვისაც


ჩვენი სურვილია, რომ განსაკუთრებულად არავინ შევაშინოთ ამ თემით, თუმცა გაუპატიურების მიზნით დრაგების გამოყენება ნამდვილად შესაძლებელია და ამის მსხვერპლი შეიძლება გახდეს როგორც ქალი, ისე - კაცი. მსგავსი შემთხვევები ძირითადად ხდება მსხვერპლისთვის სხვადასხვა დრაგის სასმელში ჩაყრით, რისი დალევის შემდეგაც იწყება ძლიერი თრობა. დრაგის მსხვერპლის ორგანიზმში შესაყვანად ზოგი მოძალადე ნემსის ჩხვლეტის მეთოდსაც მიმართავს.


ასევე შესაძლებელია არასასურველი სქესობრივი კავშირი დაამყაროთ ზოგი დრაგის ზედმეტად დიდი რაოდენობის მოხმარების შემდეგაც. ამ დროს თქვენ შეიძლება განიცადოთ ძლიერი აღგზნება და დაგიქვეითდეთ განსჯის უნარი, გახდეთ არაბუნებრივად დამყოლნი და ვერ შეძლოთ საკუთარი თავის დაცვა. ასეთ მდგომარეობაში არაკეთილსინდისიერმა პარტნიორმა შეიძლება თქვენი მდგომარეობით ისარგებლოს და თქვენზე იძალადოს.


#1 ნიშნები იმისა, რომ თქვენს სასმელში სხვა ნარკოტიკიც ურევია:


  • სწრაფი და უეცარი თრობა, რომელიც მიღებული ალკოჰოლის არაპროპორციულია

  • ხარვეზული მეხსიერება - ვერ იხსენებთ რამდენიმე წუთის წინ რა მოხდა

  • დეზორიენტაცია - ვერ ხვდებით რა ხდება თქვენ გარშემო და სად ხართ

  • გიჭირთ გადაადგილება ან პარალიზებულად გრძნობთ თავს

  • თავბრუსხვევა და გულისრევა


#2 მოძალადე შეიძლება სწორედ ის ადამიანი აღმოჩნდეს, რომელზეც ყველაზე ნაკლებად გაქვთ ეჭვი. თუ ვინმეს შემდეგ ქცევებს შეამჩნევთ, იპოვეთ უსაფრთხო, საჯარო სივრცე და აუცილებლად აცნობეთ დაცვას/სტაფს თქვენი ეჭვის შესახებ ან დარეკეთ 112-ზე!


  • ისინი ცდილობენ გამოგიტყუონ მეგობრების ან სხვა ადამიანების წრიდან

  • მიუხედავად თქვენი უარისა, მაინც ცდილობენ შემოგთავაზონ სასმელი ან სხვა ნარკოტიკი

  • გიბიძგებენ უგულებელყოთ შინაგანი ინსტიქტები: ცდილობენ, თავი სანდო და უსაფრთხო ადამიანად მოგაჩვენონ

  • შესაძლოა, მათ სხვა ადამიანი/ები ეხმარებოდნენ თქვენს გამოტყუებაში ან დათრობაში


#3 რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ შევამციროთ რისკები:


  • შეეცადეთ არ დარჩეთ მარტო, ყოველთვის იყავით მეგობრის ან ნაცნობის სიახლოვეში

  • ნუ მიიღებთ უცხო ადამიანისგან შემოთავაზებულ სასმელს ან დრაგს

  • ყოველთვის იყავით ყურადღებით თქვენს სასმელ ჭურჭელთან (ყველაფერი შეიძლება მოხდეს თვალის ერთ დახამხამებაში)

  • ნუ გააგრძელებთ ისეთი სასმლის დალევას, რომელსაც უცნაური გემო, სუნი ან ბუშტები აქვს

  • გამოეცალეთ იმ გარემოს, სადაც თავს უსაფრთხოდ არ გრძნობთ

  • თუ ამჩნევთ, რომ მოსალოდნელზე უფრო მეტად არაფხიზლად ხართ - იპოვეთ საჯარო და უსაფრთხო ადგილი და დასახმარებლად მოუხმეთ დაცვას/სტაფს ან დარეკეთ 112


! არა ნიშნავს არას !


ყველა ჩვენგანს ნებისმიერ სიტუაციასა თუ მომენტში აქვს უარის თქმის უფლება. თუ ბოლომდე არ ხართ დარმუნებული, რომ

ვინმესთან სიახლოვე ან სექსი გინდათ - უთხარით თქვენს პარტნიორს რასაც გრძნობთ. თუ მან თქვენი გრძნობები არ გაითვალისწინა და გააგრძელა ზეწოლა - ესეიგი საქმე გაქვთ მოძალადესთან და საჭიროა დახმარების მოთხოვნა. შეეცადეთ გაეცალოთ, მოიხმეთ დახმარება და დაუყოვნებლივ მიაწოდეთ მეგობარს თქვენი ადგილმდებარეობა.


მეორე მხრივ, ყოველთვის დააკვირდით თქვენს პარტნიორს და გაჩერდით თუ მისგან მკაფიო თანხმობას არ იღებთ. თუ თქვენმა პარტნიორმა აქტის დროს გონება დაკარგა ან მოძრაობა/საუბრის უნარი ძლიერ დაუქვეითდა - შეჩერდით და დარწმუნდით, რომ ის კარგადაა და ჯერ კიდევ სურს თქვენთან სიახლოვე.


გონებადაკარგულ პირთან ნებისმიერი ტიპის სქესობრივი აქტის დამყარება დანაშაულია და, როგორც გაუპატიურების სხვა შემთხვევები, ისჯება 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.


ძალადობაზე რეაგირება და დახმარების მიღება


თუ თქვენ იცით ან გგონიათ, რომ გახდით ძალადობის მსხვერპლი, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც დაგეხმარებიან როგორც სწორი სამედიცინო მომსახურებების, ასევე ლეგალური დახმარების მიღებაში. თუ თქვენთვის ეს იდეა შემაწუხებელი არ არის, ასევე გირჩევთ დაუკავშირდეთ თქვენს სანდო პირებს (მეგობრებს, პარტნიორს, ოჯახის წევრს) და სთხოვოთ მათ მხარდაჭერა.


გთხოვთ მოგვმართეთ მანდალას თუ დაგჭირდათ ნებისმიერი სახის დახმარება - ჩვენ შევეცდებით გაგიწიოთ ყველანაირი მხარდაჭერა და მოგაწოდოთ საჭირო რესურსები

273 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page